ცელულიტი. როგორ ვებრძოლოთ მას?

თუ თქვენ იმ ბედნიერთა შორის ხართ, ვისაც ამ პოსტის წაკითხვა არ სჭირდება, გულახდილად გეუბნებით, რომ თქვენი მშურს, ხოლო თუ ჩემსავით არ გაგიმართლათ, მაშინ გირჩევთ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხოთ.

ცელულიტმა არ იცის ასაკი (რა თქმა უნდა თოთო ბავშვებზე არ მაქვს საუბარი), არ იცის გამხდარი და მსუქანი, მაინცდამაინც ქალებს გადაგვეკიდა და ქალების 85% არ ინდობს.

საუკეთესო და იდეალური იქნებოდა რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით საერთოდ აგვერიდებინა ამისთვის თავი, მაგრამ შენ თუ ამ პოსტს აქამდე კითხულობ, სულაც არ ნიშნავს რომ საქმე ცუდად არის და უკვე გვიანია.

ცელულიტის მოცილება სამწუხაროდ არ არის მარტივი და სწრაფი პროცესი, მაგრამ დარწმუნებული ვარ დიდი ძალისხმება, მონდომება და ისევ და ისევ ჯანსაღი ცხოვრების წელი სასურველ შედეგამდე მიგიყვანთ.

რა არის ცელულიტი?

ეს არის ბორცვებიანი, ორმოებიანი კანი რომელიც ჩნდება დუნდულებზე, თეძოებზე, მუცელზე და ასევე მკლავებზეც.

რა არის ამის მიზეზი?

  • სიმსუქნე, მჯდომარე ცხოვრების წესი. ასეთ დროს სისხლის მიმოქცევა და ლიმფური სისტემები შენელებულია. ეს ნიშნავს რომ უჯრედებს საკმაო რაოდენობის სისხლი და ჟანგბადი არ მიეწოდება, ამის გამო ორგანიზმი სითხეს აკავებს და ეს ბორცვებს/ორმოებს უფრო აუარესებს.
  • სიგარეტის მოწევას, ბევრ ალკოჰოლს, ცუდი კვებას საბოლოოდ კანის ელასტიურობის დაკარგვამდე მივყავართ.

რითი შეიძლება ვებრძოლოთ ცელულიტს?

მეტი ივარჯიშე

კვირაში 3-5 ჯერ მინიმუმ 20-30 წუთიანი კარდიო ვარჯიში დაგეხმარებათ მოიცილოთ ცხიმი, რომელიც იწვევს ცელულიტს. კარგია სირბილი, ველოსიპედი, ცეკვა, კიკბოქსინგი, ან თუნდაც რომელიმე ფიტნეს ვიდეო, მაგალითად Pump it up, Zumba, Tracey Anderson Metamorphosis.

ასევე მიაქციეთ ყურადღება რომ ძალოვანი ვარჯიშებიც ჩართოთ. რადგან ცელულიტის შემსუბუქება შეიძლება 6 კვირაში თუ რეგულარულად გააკეთებთ ვარჯიშებს რომელიც სხეულის ქვედა ნაწილზეა გათვლილი.

მიიღე ჯანსაღი საკვები

  • შეამცირეთ მარილი, შაქარი და ცხიმიანი საკვები
  • მიირთვით ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით რომლებიც შეიცავენ კალიუმს (ბროკოლი, სტაფილო),
  • მიირთვით თევზი. ომეგა-3 რომელსაც მაგალითად ორაგული უხვი რაოდენობით შეიცავს ძალიან კარგია კანისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის.
  • დალიეთ წყალი
  • აკონტროლეთ ყავა და ალკოჰოლის რაოდენობა

სხეულის ჯაგრისი

დღესდღეობით უამრავი პროცედურები, მასაჟები არსებობს რომელიც დაგეხმარებათ ცელულიტის შემცირებაში. ზოგადად სწორი კვებისა და ვარჯიშის გარეშე სასწაულებს არ უნდა ელოდოთ ასეთი პროცედურებისგან, მაგრამ დამტკიცებულია რომ ვაკუუმ მასაჟებს შედეგი ნამდვილად აქვს. ეს არის მასაჟი ხელსაწყოთი, რომელიც დაგორავს აქეთ იქით ცელულიტზე და შლის ცხიმის უჯრედებს და ამაგრებს კანს. მინიმუმ 10 მასაჟი არის რეკომენდირებული და ესეც საკმაო თანხა დაგიჯდებათ. ამის შემცვლელი ვარიანტია მასაჟი კოტოშებით, მაგრამ არც ამით გამოხვალთ იაფად.

სპეციალური სხეულის ჯაგრისი

ნამდვილად ხელმისაწვდომი ვარიანტია სხეულის ჯაგრისით „დავარცხნა“, რომელიც ყოველ დღე უნდა შეასრულოთ. ეს მარტივი და სულ რაღაც 2 წუთიანი პროცედურა

  • ხელს უწყობს ლიმფას და სისხლის მიმოქეცევას
  • ჯაგრისი აცილებს მკვდარ ნაწილებს და კანს რბილს ტოვებს
  • ტანის ლოსიონები, ზეთები უკეთესად აითვისება.
  • ზოგადად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს
  • ხელს უწყობს საჭმლის მონელებას

დავარცხნის მიმართულება

დაიწყეთ სხეულის დავარცხნა ქვედა კიდურებიდან, ყოველთვის ქვევიდან ზევით გულის მიმართულებით და გრძელი ნაზი მოძრაობებით. საუკეთესოა დილას ან/და საღამოს შხაპის მიღებამდე.

დატენიანება

ცელულიტი უარესად ჩანს მშრალ ან დეჰიდრირებულ კანზე, ასე რომ ტანის კრემი ხელს უწყობს შეამციროს მისი ხილვადობა. ჩვეულებრივ კრემებთან ერთად გამოიყენეთ ანტი-ცელულიტური კრემებიც. კანის დატენიანება და მისი გამკვრივებაში დაგეხმარებათ. ჩემი არჩევანი- L’Oreal – Nutrilift. არც სქელი ტექსტურა, არც წებოვანი, სასიამოვნი სურნელით და სხეულს ნამდვილად ამკვრივებს.

 რა თქმა უნდა მხოლოდ კრემები სასწაულს ვერ მოახდენენ, კომპლექსური მიდგომა, მონდომება და დროა საჭირო. წარმატებები