August Favorites- ამ თვის ფავორიტი ნივთები
პატარა კოლაჟი გავაკეთე ამ თვის ფავორიტ ნივთებზე. არაფერი განსაკუთრებული- ზოგი ნივთი უბრალოდ მივიწყებული მქონდა და გავაცოცხლე ამ თვეში. მაშ მივყვეთ სიას:
1. კლარისონიკის სახის დასაბანი ხელსაწყო მია. ამის შესახებ ადრე ვწერდი New year, New Skin პოსტში. ორსულობაში სახის კანი გამიუმჯობესდა და მიას აღარ ვხმარობდი ისე ხშირად. აგვისტო ორსულობის ბოლო თვეა და მალე ისევ ჰორმონალური ცვლილებებს უნდა ველოდო მშობიარობის შემდეგ, ამიტომ გადავწყვიტე არ მაწყენდა სახის კანისთვის წინასწარვე მიმეხედა. არაჩვეულებრივი შეგრძნებას ტოვებს ეს ხელსაწყო. თუ მია ან მსგავსი დასაბანი ხელსაწყო არ გაქვთ ხელთ, სახის დასაბანი ჯაგრისი სინჯეთ, ასევე კარგი ეფექტი აქვს.
2. მთელი ორსულობა ქოქოსის ზეთს ვისვამდი სხეულზე, განსაკუთრებით ბოლო თვეში მოვუხშირე მუცლის სიდიდის გამო. კმაყოფილი ვარ- კანს ატენიანებს, არბილებს, კვებავს. ჯერ-ჯერობით სტრიები არ მაქვს, თუმცა სხვა ფაქტორებიც თამაშობენ ალბათ როლს, როგორც გენეტიკა, წონაში მომატება, მუცლის სიდიდე. ორსულობის მერეც გავაგრძელებ. რა თქმა უნდა ქოქოსის ზეთი არ არის აუცილებელი, ნებისმიერი ზეთი გამოდგება. ზეითუნსაც ხშირად ვიყენებდი. ზეითუნით თავის მოვლაზე რუსოს ბლოგის პოსტი ნახეთ აუცილებლად. ეს თმის და კანის უმარტივესი და უტყუარი საშუალებაა.
3. თმებს იშვიათად მაგრამ ვიღებავდი ორსულობაში. უმეტესწილად ძირებს და ისიც მხოლოდ 10 წუთით ვიჩერებდი საღებავს. ვცდილობდი თავის ქალაზე არ წამესვა საღებავი და მხოლოდ თმის ის ნაწილები შემეღება სადაც თმას ვიყოფდი. მთლიანობაში ძალიან გადახუნებული ფერის თმა რომ არ მქონიდა თმის გლოსს ვხმარობდი. მაინცდამაინც ბზინვარე თმით არც ორსულობამდე და არც ორსულობაში მქონია. გლოსის გარეშე შეიძლება უარესი ყოფილიყო.
4. ბოლო თვეს თმა მთლიანად შევიღებე და ახალი ფერიც მოვსინჯე- ღია კარამელი. რა თქმა უნდა სურათზე რომ ხატია ფერი ეგრე არ დაჯდა, თან დიდი ხანი არ გავიჩერე, მაგრამ ეფექტი დაეტყო- მუქი ყავისფერი თმა ოდნავ უფრო გააღიავდა და ამ ცვლილებამ ძალიან გამახალისა.
5. Neutrogena-ს ტონალურით უზომოდ კმაყოფილი ვარ. არც ისე სქელი ტექსტურა, სახეზე კარგად ჯდება და სასიამოვნოდ, ფასიც მისაღები ხარისხისთვის, 13$.
6. ბევრი თმის დასახვევი ვსინჯე მაგრამ ყველაზე მეტად Conair Ceramic™ Wand მომწონს ამ ეტაპზე. თმა პირდაპირ შეგიძლია დაახვიო, არ მოყვება ზევიდან მოსაჭერი. მალევე ცხელდება. ამ დასახვევის შესახებ აი ამ ვიდეოდან -how I curl my hair შევიტყვე. ჯენი უსაყვარლესი გოგოა, ამერიკელ-კორეელია და მოდა, მაკიაჟი, თავის მოვლაზე სულ დებს კარგ ვიდეოებს. ეს ვიდეო შარშანდელია, ეხლა ჯენი სულ სხვანაირად გამოიყურება. არ დაიზაროთ და მოიუნახულეთ მისი იუთუბის არხი.
7. H&M-ის ბალეტკებმა ორსულობის ბოლო 2 თვე გადამატანინეს. მართალია პრტყელ ფეხსაცმელს ორსულობის დროს არ ურჩევენ, მაგრამ სამწუხაროდ ჩემს შესიებულ ფეხებზე სხვა ვერაფერი მოვირგე. ასევე სიგრძეც მომემატა-38,5 დან 40 ზომაზე გადავედი. თუ დროებითია ეს მოვლენა, ამ ჩუსტიკებში მიცემული 12$ დოლარი არაფერია, თუ დამრჩა ამხელა ფეხი კიდე ერთი ხელი ფეხსაცმელი უკვე მაქვს 🙂
8. ყველაზე მთავარი აგვისტოს ცხელი ზაფხულის დღეებისთვის არის -წყალი! გემოსთვის ხანდახან ლიმონს, ხან ლიმნისა და პიტნის კომბინაციას ვიღებდი, მარწყვი და ლაიმიც არაჩვეულებრივია. აქ რაც გესიამოვნებათ ყველაფერი შეგიძლიათ ჩაუშვათ. კიტრს აქებენ და არ მისინჯავს. შემდეგი ეგ იქნება:)
მომწონს, მომწონს ყველაფერი! 🙂
თმას რატომ არ იღებავდი, უბრალოდ ფრთხილად ხარ თუ ექიმმა დაგიშალა?
ძალიან ბრტყელი ფეხსაცმელი მეც ფეხის კუნთს მტკენს. ბალეტკები მიყვარს, ოღონდ სუპინატორი უნდა ჰქონდეს და ძირი არც მთლად ბრტყელი. ზაფხულში ღია ფესაცმელი მაინც იდეალურია! 🙂 მე დიდი ფანი ვარ.
საღებავის ფერზე გავგიჟდი. ქოქოსის ზეთი უნდა მოვიძიო, მაგარი რამე იქნება! 🙂
თინ ძალიან მიხარია რომ მოგეწონაა რაღაცეეები:) ზაფხულში ღია ფეხსაცმელს მართლა არაფერი ჯობია. სუპინატორი რა კარგი იდეაა, შენ როგორი გაქვს შენს ფეხზე შეკერილი თუ რამე უნივერსალური შეიძინე? მე პრტყელი ტერფი მაქვს და ბალეტკებით დიდ მანძილებზე თუ დავდივარ მერე ფეხები მიკანკალებს ხოლმე ბოლოში დაღლილობისგან. საერთოდ სწორ ფეხსაცმელს და სუპინატორს უნდა მივაგნო. ასე მგონია ცხოვრების დონეს ერთი ორად ამიმაღლებს ფეხზე მორგებული ფეხსაცმელს რომ ვატარებდე.
თმის შეღებვას რაც შეეხება ჩემა ექიმმა შეიღებეო, მაგრამ პირელი სამი თვე მოერიდე ამ საქმიანობასაც და მერეც ნუ გაიგიჟებ თავსო:) მეც შევეცადე ეგრე მოვქცეულიყავი. ვიცი ბევრი საერთოდ არ იღებავს მაგრამ ჭაღარების გადამკიდე 9 თვე საღებავის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა:)
ქოქოსის ზეთში აქ წვავენ კიდევაც საკვებს, სალათებს უშვებიან და პირდაპირაც მიირთმევენ 1-2 კოვზს. ქოქოსის ზეთი უნივერსალური გამოყენების ყოფილა და ძალიან სასარგებლო. გამაგებინე თუ მიაგნებ მანდ, იქნებ გუდვილში იყოს? 🙂
როცა ვაკერინებ, თვითონ უკეთებენ შიგნით სუპინატორს და ფეხი მოსვენებულია. სადაც ტერფის თაღია, იქ ამობურცულს აკეთებენ და ბალიშივით რბილს. როცა ვყიდულობ, ვაკვირდები, აქვს თუ არა. ზოგიერთს, მაგალითად, ეკოს ფეხსაცმელს, მოსახსნელი სუპინატორი/შიდა ძირი მოჰყვება. შეგიძლია, ამოიღო, გარეცხო და ისევ ჩადო. არაფერი მოსდის.
ერთხელ ვარჯიშზე მომცეს შენიშვნა, ეს ფეხსაცმელი საბოლოო ჯამში ზურგს გატკენსო და მერე დავფიქრდი.
ისე, წესით, უნდა არსებობდეს ზომების მიხედვით ცალკე სუპინატორები.
ძალიან მაინტერესებს ქოქოსის ზეთი, ვნახავ.
ძალიან კარგი იდეაა თვის ფავორიტები 🙂 მიყვარს იუთუბზე ყურება ამ თემის ვიდეოების, მაგრამ შენ წერით ფორმატშიც ძალიან კარგად გამოგივიდა 🙂 გაიმეორე რაა 🙂
Didi madloba kushi:) aprilisas gavaketeb 🙂 bevri ram minda gagiziarot 🙂
ველოდებიიი, ველოდებიიი 🙂 მოდი თუნდაც ერთად გავაკეთოთ 🙂 ❤