სტამბული ფინჯან ყავაზე და ფახლავაზე

სტამბული საერთოდ არ ამომდის თავიდან. ვიღვიძებ, და წარმოვიდგენ რომ ბოსფორს ვხედავ ჩემი აივნდიან, ვუღიმი მას და ენერგიით ვივსები. სამსახურში მივდივარ და გზადაგზა საყვარელ თურქულ სიმღერებს ვუსმენ და ფიქრებით სტამბულის ქუჩებში დავსეირნობ, ჩემს ადრე გალათას კოშკთან ნაქირავებ ბინიდან გამოვდივარ, ალი ჰოჯას ქუჩას ჩავუყვები, გავივლი ლულეჯი ჰენდეკს, გავყვები მეჯლისიმებუსანს და ბოლოს მივალ ფინდიკლიზე და იქვე ბოსფორის ნაპირთან ახლოს სკამზე ჩამოვჯდები და მივირთმევ ყველიან სიმითს ჩაისთან ერთად.

DSC00237

ჯერ ადრეა, სასიამოვნო სიო უბერავს, თვალებს ვხუჭავ და ვუსმენ სტამბულს. ორჰან ველი, დიდი თურქი პოეტი, ხომ ხშირად ამბობდა რომ მხოლოდ სტამბულის ნახვა საკმარისი არ არის, მას უნდა უსმინო კიდეც…

სამსახურის დროს ყველაფერი იცვლება ასევე ჩემს გონებაშიც, მშვიდი სტამბული ტოვებს სცენას და სიცოცხლით სავსე ქალაქი მიდგება თვალწინ, გადაჭედილი ბოსფორის ხიდი, ხმაურიანი ბორანები და თოლიები ბოსფორზე, გაზეთის გამყიდველები, ქუჩაში მუდამ მოსიარულე ადამიანები.

DSC00605

საღამოს კი ისევ სტამბულის ქუჩებში ვარ, დავხეტიალობ, ადამიანებს ვაკვირდები, შენობებს ვათვალიერებ, ისტიკლალის ქუჩის რომელიმე შესახვევში შემთხვევით აღმოჩენილ კაფე-ბარში ვსხდები და ერთ კათხა ლუდს ვაგემოვნებ, თან მუსიკას ვუსმენ, ვდუნდები, ვტკბები ცხოვრებით. სახლში კი ფეხით ვბრუნდები, სტამბულის ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ისევ და ისევ ვუსმენ სტამბულს.

არ ვაპირებდი სტამბულზე პოსტის დაწერას მაგრამ არ შემეძლო სხვანაირად. ძალიან ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ეხლახან აღმოჩენილ კეჟერაძის ბლოგს (ნამდვილი ოქრის საბადოს აღმოჩენაა ჩემთვის) და კონკრეტულად კი მის ზამთრის ბოლი მოგზაურობების პოსტს, რომელმაც არაჩვეულევრივი ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მწერალი ელჩინ საფარლი გამაცნო. ეს პოსტი მისი “ბოსფორის ტკბილი მარილი”-‘ს ზემოქმედების ქვეშ ფინჯან ყავაზე და ფახლავაზე დაიწერა.

ეხლა კი დავუბრუნდები წიგნს სტამბულზე და გავაგრძელებ “სულების ქალაქში” მოგზაურობას, როგორც მას  ელჩინი უწოდებს.