ჩუქურჯუმას უბანი და ორჰან ფამუქის მუზეუმი სტამბულში

თუ სტამბულში ხართ და ცნობილ ისტიკლალის ქუჩაზე მოსეირნობთ, არ დაგეზაროთ და გალათასარაის ლიცეუმთან ჩაუხვიეთ მარცხნივ იენი ჩარშის ქუჩაზე. იარეთ წინ სანამ არ შეგხვდებათ ჩუქურჯუმას ასახვევი და აუცილებლად აუყევით ამ ქუჩას.

ვისაც ორჰან პამუქის უმანკოების მუზეუმი წაკითხული აქვს, არ დაებადება კითხვა თუ რა ხდება ამ ქუჩაზე, რადგან რომანის ერთ -ერთი მთავარი გმირი და მისი ოჯახი ზუსტად აქ ცხოვრობს. ორჰან ფამუქმა რომელმაც მუზეუმი ფურცლებზე შექმნა, გადაწყვიტა რომ მუზეუმს ასევე ნამდვილი სახეც მისცეს და ჩუქურჯუმას ქუჩაზე სახლი შეიძინა. ინტერნეტში მუზეუმის დასრულების შესახებ ვერ მოვიძიე ინფორმაცია და გადავწყვიტე რომ ადგილზევე გამეგო რა ხდება. წიგნიც თან მქონდა, რადგან წიგნის მფლობელებს შეუძლიათ მუზეუმი ერთჯერადად უფასოდ მოინახულონ. შესასვლელი ბილეთი ხომ პირდაპირ შიგნითვე არის მოთავსებული.

ორჰან ფამუქის უმანკოების მუზეუმი ჩუქურჯუმას ქუჩაზე

შენობა დაკეტილი დამხვდა, ფანჯრები დაბურული იყო, წარწერის მიხედვით მხოლოდ ის შევიტყვე რომ ჯერ კიდევ დაუმთავრებელია სამუშაოები. წარმომიდგენია ბატონ ორჰანს რამდენი რამის ორგანიზება მოუწევს, რომ წიგნში რაც ნახსენები აქვს მუზეუმში გამოფინოს. წიგნის მთავარ გმირს უნდა რომ ვისაც ფუსუნის და მისი ისტორია წაუკითხავს, მოვიდეს და ის ქუჩები გამოიაროს, რომელზეც ისენი დადიოდნენ, მათ ნივთებს გაეცნონ, რომელიც 1975 წლიდან მოყოლებული, თუ მდიდარ და თუ ღარიბ, სტამბულის საზოგადოებას ასახავს.

არ დაგეზაროთ და ქუჩას აუყევით ბოლომდე, გაუხვიეთ მარჯვნივ, მარცხნივ, იბოდიალეთ აქეთ-იქით, აღმართ-დაღმართების არ შეგეშინდეთ, რადგან ნამდვილად ღირს ამ უბნის დათვალიერება, განსაკუთრებით თუ თქვენ ათასი წვრილმანი, ძველებური ნივთები და უბრალოდ განსხვავებული რაღაცეები გიყვართ. ყველაფერს ნახავთ მაღაზიებში. ფეხსაცმელებს, ტანსაცმელებს, აქსესუარებს, ჭურჭელს, ძველ წიგნებსა და სურათებს, სათამაშოებს… რას აღარ. მე საათის ციფერბლატისგან გაკეთებულ საყურეებს გადავაწყდი და დაუფიქრებლად ვიყიდე, იმდენად მომეწონა. იდეა მარტივია, მაგრამ ფაქტია რომ არსად შემხვედრია ასეთი რამ.

სტამბულში ყოფნისას ყველა დიდ ბაზარს ეშურება. მე კი გირჩევთ რომ აუცილებლად ჩაუხვიოთ გალათასარაის ლიცეუმთან მარცხნივ, არ გამოტოვოთ ძველმანების და ახალმანების მაღაზიები და დამერწმუნეთ თქვენ აუცილებლად იპოვით რამეს თქვენთვის ან საჩუქრად, რაც გულს ძალიან გაახარებს.

ქვემოთ ურთავ სურათებს ზოგადი წარმოდგენისთვის.