სინეთიკ თეატრი და ჩვენებური დედის გინება

უკვე რა ხანია ამერიკაში ვარ, მაგრამ ქართველებს ვერ დავუმეგობრდი. ეგ არაფერი, ჩვენებური დედის გინება არ მაკლია მაინც. ალბათ დაიბენით, მაგრამ ეხლავე მოგიყვებით ამ ამბავს.

სინეთიკ თეატრი ერთ ერთი წარმატებული თეატრია ამერიკაში. ის ამერიკის საუკეთესო თეატრების ათეულშიც კი შედის. მდებარეობა- დედაქალი ვაშინგტონი, ასაკი-10 წელი, მაყურებელი-ბევრი და სხვადასხვანაირი, დამაარსებლები-ქართველები. დიახაც-უნდა ვიამაყოთ ამ თეატრის დამაარსებლები ცოლ-ქმარი ირინა და პაატა ციქურიშვილები არიან.

პაატა და ირინა ციქურიშვილები, ოსტატი და მარგარიტა

იდეებს ერთად ვამუშავებთ, შემდგომ ირინა ქორეოგრაფიას ხელმძღვანელობს, მე-რეჟისურით ვარ დაკავებული-ამბობს პაატა ჟურნალ რეიტინგში. კითხვაზე თუ რა გავლენას ახდენს ქართული ცეკვა მათ დადგმასა და ქორეოგრაფიაზე პაატა პასუხობს რომ „ქართული ცეკვა ბალეტია. დავამატებდი დრამას. ეს ისაა რითაც მე და ირინა ვცხოვრობთ, ვცხოვრობდით, და ვიცხოვრებთ. ქორეოგრაფიული დადგმები, როგორც ჩემი სპექტაკლები, ინტერნაციონალურია. ჩემი დღევანდელი მაყურებლისთვის, იშვიათი გამონაკლისის გარდა ძნელი გასაგებია, ისეთი უცნობი ქვეყნის, როგორიც საქართველოა ეთნიკური ელემენტები. ამიტომაც ვცდილობთ წავშალოთ ნაციონალური საზღვრები. ჩვენი სპექტაკლები არა- ტრადიციულია, არ გაგვაჩნია ენობრივი ბარიერები, აქცენტს ვიზუალურ ასპექტზე ვაკეთებთ.“

ორივე უზომოდ ნიჭიერები არიან. ცნობილი მსახიობი ირაკლი კავსაძეც ამ თეატრში მოღვაწეობს. ის ასევე მუსიკალურ გაფორმებას უდგას სათავეში. სპექტაკლები ინტერნაციონალურია, მაგრამ აუცილებლად წააწყდებით ქართულ მუსიკის ან ცეკვის ელემენტებს. წელიწადში ოთხი დადგმა სრულდება. სამი აქედან სინეთიკ თეატრში და მეოთხე „Kennedy Center“-ში. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა შემდეგი სპექტაკლები: დრაკულა, არგონავტები, სტუმარ -მასპინძელი, ჰამლეტი, ოსტატი და მარგარიტა, მოხუცი, ბურატინო, მაკბეტი, ფრანკენშტეინი, მეფე არტური.. და .ა.შ.

სინეტიკ თეატრი არა ერთგზის აღიარებულია Helen Hayes Awards-ის მიერ. ვაშინგტონის არა ერთ გაზეთში გადააწყდებით ამ თეატრის ქება-დიდების სტატიებს. და მართლაც სინეტიკ თეატრს აქვს გამორჩეული ხელწერა, რომელიც ამერიკელ მაყურებელს ძალიან მოსწონს.

მეც რა თქმა უნდა ძალიან მეამაყება და რაც აქ ვარ, უკვე 2 დადგმას დავესწარი. პირველი იყო მეფე არტური, რომელიც მთლიანად პანტომიმით იყო შესრულებული. სპექტაკლის შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის ძებნისას, წავაწყდი ფრაზას რომ სპექტაკლი სრულდება წყლიან სცენაზე და პირველ 3 რიგში მსხდომებს გთხოვთ სპეციალური ცელოფნის პონჩო  თან წამოიღოთ ან შესასვლელთან შეიძინოთ-ო. კი გავიფიქრე ნეტა ეს რა უნდა იყოს-თქო, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. სპექტაკლის დღეც მოვიდა. ბილეთები უკვე შეძენილი იყო და როცა თეატრში მივედით და ადმინისტრაციამ ჩვენს ბილეთებს დახედა, გვითხრეს “აბა, პონჩო ბარემ მოიცვით და  გაერთეთ-ო”. პონჩო რა თქმა უნდა არ გვქონდა და ყიდვის უარზეც ვიდექით, სანამ ძალით არ გვაყიდინეს და ჩაგვაცვეს.”აბა რას ფიქრობდით პირველი რიგის ბილეთებს რომ იძენდით-ო” და მხოლოდ შემდეგ შეგვიშვეს დარბაზში. სცენა მთლიანად გაყინული წყლით იყო დაფარული. მსახიობები შეტაკების სცენების დროს განსაკუთრებული ძალისხმევით იქნევდნენ ხელ-ფეხს და ვერ აგიღწერთ რა წუწაობა იყო პირველ რიგებში. ჩვენ ზუსტად პირველი რიგის ზუსტად ცენტრში ვიყავით მოკალათებულები. პონჩოთი ფეხები ბოლომდე ვერ დავიფარე, სახესაც ხომ ვერ დავმალავდი, ხოდა ყოველი წყლის შეშხუპებისას სულ ააა, უუუ და კისკისით ჩავატარე სპექტაკლი. უძლიერესი დადგმა იყო, ქართული ცეკვების ელემენტებით და მუსიკით. ამასთანავე ძალიან ვიხალისე.

მეორე სპექტაკლი ოსტატი და მარგარიტა გახლდათ. ასევე ბილეთები პირველი რიგის ზუსტად ცენტრში გვქონდა. ამჯერად ვაშინგტონის შექსპირის თეატრში იყო დადგმა და მთავარ როლებს თვით ირინა და პაატა ასრულებდნენ. დაგვაგვიანდა. გვთხოვეს რამდენიმე წუთი გარეთ დალოდება რომ ხელსაყრელ მომენტში შევეყვანეთ. როგორც იქნა შეგვიყვანეს და სცენაზე ამ დროს ოსტატი საგიჟეტშია, წინ და უკან დადის და რაღაცას ბუტბუტებს. უკვე მიუახლოვდით პირველ რიგს და რა მესმის ქართული ლოცვა, ძალიან დაბალ ხმაზე, ალბათ თავისთვის ამბობდა, მშობლიურ ენაზე გამოხატავდა ემოციებს. გული ამიჩუყდა, თვალზე ცრემლი მომადგა. სიამაყით ავივსე. მთელი სპექტაკლი თან დაძაბული, თან გართული ვიყავი. როდესაც ფილმი თუ სპექტაკლი დაფუძნებულია რომელიმე წიგნზე გინდა არ გინდა იწყებ შედარებას, იხსენებ დეტალებს. მე ვფიქრობ, რომ მაყურებელი ასეთ დროს სხვანაირად გრძნობს თავს და ალბათ მაგიტომ ვიყავი ცოტა დაძაბული. ვზივარ გარინდული, ბნელი დარბაზი, პირველი რიგი, ყველაფერი ხდება ჩემს თვალსწინ , ოსტატს საგიჟეთში აწამებენ, ოსტატი განრისხებულია…. ამ დროს მესმის და ეს რა მესმის!!!  შენი დედა მ…, შენი კარგი… შენი ……..შენი……………………………………….. ოსტატმა, ანუ პააატამ თავზე დააახურა ის სიტყვა არ არის თავის მწამებელს. ისმოდა და რა ისმოდა. აგინდა და რა აგინა. ეხლაც ამას რომ ვიხსენებ ძალიან მეცინება. თეატრშიც ძლივს შევიკავე სიცილი, სახე გავატრიალე, ვიფიქრე არ დამინახოს -თქო მაგრამ ისე იყო პაატა როლში შეჭრილი ჩვენებური დედის გინებით რომ მე რას შემამჩნევდა. იმიტომ მეცინებოდა, რომ მოულოდნელი იყო. მემგონი გამიხარდა ჩვენებურის გაგონება შორეულ ამერიკაში და მივხვდი რომ მშობლიური ენის გარდა ხანდახან  ძალიან ძნელია გამოხატო შენი ემოციები, მოეფერო ან თუნდაც კარგად აგინო ვინმეს.

აი წამების სცენაც! ეხლა წარმოიდგინეთ რა აგინა და აგინა!

 

სინეტიკ თეატრის ვებ გვერდი: http://www.synetictheater.org/

სპექტაკლის ტრეილერები: