კილიმანჯაროს თოვლიანი მწვერვალი და სხვა აფრიკული მოგზაურობები

ძალიან მარტივია, ამისთვის დედამთილი უნდა გყავდეთ, რომელსაც სურვილი ექნება თავის 50 წლის დაბადების დღეზე კილიმანჯაროს თავზე იმყოფებოდეს.

ხუმრობა არ გეგონოთ, ზუსტად ასეც მოხდა და მეც გავერიე ამ მოგზაურობაში. ყველაფერი ეს კი წელს მოხდა, სულ რაღაც სამი თვის წინ და კიდევ ჩთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.

მიუხედავად იმისა რომ ეს დედამთილის იდეა და ოცნება გახლავთ, მისგან განსხვავებვით კილიმანჯაროზე ასასვლლელად 6 თვე ვემზადებოდი. დავრბოდი, აერობიკას ვაკეთებდი, დავდიოდი ლაშქრობებში და რაოდენაც არასდროს მხიბლავდა კარავში ძილი, ეგეც კი შევიყვარე. გავეცანი მასალას და ყველა უსაფრთხოების ზომებს, რაც სიმაღლეზე ასვლასთან არის დაკავშირებული.  კილიმანჯარო მართალია არანაირ ტექნიკურ მთამსვლელობას  არ მოითხოვს, მაგრამ მაღალია, 5898 მეტრია სიმაღლეში (5642 ელბრუსი, 5033 ყაზბეგი, 8848 ევერესტი) და რაც ზევით ადიხარ და უახლოვდები წვერს, წნევის კლების და ჰაერის შეთხელების ფონზე სიარული რთულდება, უარეს შემთხვევაში ზოგი იღუპება კიდევაც. ერთი სიტყვით თავიდან ამ იდეით ძალიან შეშინებული, შემდგომ თვითმფრინავში სულისკვეთებით ვიჯექი და ველოდებოდ როდის დავინახავდი განთქმულ კილიმანჯაროს თოვლს.

შემდეგი გეგმა გქონდა შემუშავებული, რომ თავიდან აკლიმატიზაციის მიზნით რამდენიმე დღე საფარი გაგვეკეთებინა, შემდეგ კილიმანჯაროზე ავსულიყავით და ბოლოს მე და ჩემი მეუღლე ზანზიბარზე დამსახურებულად დავისვენებდით ამ ყველაფრისგან.

საფარი ძალიან საინტერესო იყო, ვნახეთ უამრავი ცხოველები, გავეცანი იქაურ ტომებს, მოვინახულეთ მასაის დასახლება და ერთი ერთი ბელადის საყურე მომეწონა ძალიან და ვთხოვე და ეგრევე მოიხსნა ყურიდან და მომყიდა კიდევაც:) მართალია არ ვიცი როგორ გავიკეთო, რადგან მას დიდი ნახვრეტი ჰქონა ყურზე, რომელიც ჩამოწელილი იყო და მასზე ეკიდა საყურე. არაუშავს, რამეს მოვუხერხებ, ან ბოლოსდაბოლოს სუვენირად დამრჩება, აბა ყურის დაგრძელებას მე არ ვაპირებ:)

უსაყურო მასაის ბელადი

საფარიზე კარვებში გვეძინა და ღამე გარეთ ვერ გავდიოდი საჭირო ოთახში, რადგან ცხოველების ხმა მესმოდა და მეშინოდა. ერთხელ ერთერთ დილას სახეს რომ ვიბანდი, სპილომ და მისმა ორმა სპლიყვმა ჩამიარა 20 მეტრის დაშორებით. ერთხელ საჭირო ოთახს რომ მივუახლოვდი, კარების წინ 3 ზებრა დამხვდა და ბალახობდა. რა კარგია ბუნებასთან ახლოს ყოფნა.

მე და ჩემი მეუღლე

მზის ჩასვლა აფრიკაში ულამაზესია

საერთო ჯამში უზომოდ ბენდიერი და კმაყოფილი ვიყავი, თუმცა კარვებში ძილით, მთელი დღე მანქანაში რყევით და მტვრის სუნთქვით დავიღალე. თან ძალიან ციოდა, განსაკუთრებით დილაობით. რას წარმოვიდგენდი თუ აფრიკაში დუტის კურტკით ვივლიდი.  ყველაფერთან ერთად მეც და მძღოლიც საშინლდ გავცივდით. მეოთხე დღეს სასტუმროში რომ დავბრუნდით, რომელიც კილიმანჯაროს დაბა მოშიში გქვონდა აღებული, უზომოდ გახარებული ვიყავი, მაგრამ ამავდროულად ვნერვიულობდი თუ დილას როგორ შევძლებდი გაღვიძებას და ამ მდგომარეობაში კილიმანჯაროზე ასვლას.

მთელი ღამე წესიერად არ მძინებია. ყელის ტკივილი, გაჭედილი ცხვირი, თვალები მეცრემლება, ისეთი შეგრძნება თითქოს მთელი ღამე მირტყამდნენ, მაგრამ მაინც დავადექი გზას. 1 საათი დაგვჭირდა მანქანით მაჩამეს კართად მისასვლელად, საიდანაც ალბათ 120 ამსვლელი და თითო კაცზე 3-4 გამცილებელი ერთად დავიძარით წვიმაში.

მარცხიდან-დედამთილი, შუაში-მეღლის და, და მარჯვნივ-მე

ვერ გადმოვცემ იმ შეგრძნებას რაც ასვლის დაწყების დროს მქონდა.ვფიქრობ, აი აქ ვარ, კილიმანჯაროს მთაზე, რომლისთვისაც ამდენი მოვეზმადე, და თავს საერთოდ არ ვგრძნობ ისე როგორც მინდოდა რომ ვყოფილიყავი. სხეული მტკივა, მადა საერთოდ დამეკარგა, გულიც აჩქარებული მაქვს, რა ვქნა იქნებ ხომ გადავიფიქრო საერთოდ?

პირველმა დღემ ჩემთვის დამღლელად ჩაიარა, 7 საათი ვიარეთ, მარა ავაღწიე ბანაკამდე. ყველაზე ბოლოები ვიყავით. ჩემი ბრალი იყო. ერთ მომენტში მომეჩვენა რომ ვერ ამოვისუნთქე, ესე სამჯერ განმეორდა და შიშმა ამიტანა. რუკზაკი მოვიხსენი და გიდმა კუს ნაბიჯებით ნელა ნელა ამიყვანა ბოლომდე. დასვენებულზე გული წუთში 120 მქონა, რაც ძალიან ჩქარია ჩემთვის. მაგრამ მზარეულმა გემრიელი ვახშამი მოგვიმზადა, ცხელი კაკაოც გვქონდა და დღის სიმწარე სულ გადამავიწყდა და დაღლილი უგონოდ გავითიშე ღრუბლებში. დიახ, ზუსტადაც რომ უკვე ღრუბლების სიმაღლეზე ვიყავით.

ღრუბლებში, დღე 1

მეორე დღე ფანტასტიური იყო. 8 საათი ქვებზე ვიბოდიალეთ და ვიცოციალეთ. ულამაზესი ხედები იშლებოდა ჩვენს წინ. კილიმანჯაროს წვერიც გამოჩნდა.

კილიმანჯაროს ყველაზე მაღალი პიკი-კიბო

საღამოს ბანაკში მთელი ამბები დატრიალდა. დედამთილის 50 წლის დაბადების დღე გახლდათ. გიდმა სიურპრიზი მოაწყო და მას კარტოფილის ტორტი მიართვა. ეგრე არ უნდაო ჩემა დედამთილმა და ჩანთიდან უდიდესი ბოთლი ХЛІБНИЙ ДАР ამოიღო და თვითონაც და მთელ 19 კაციან ჯგუფს, გიდით, მზარეულით და პორტერებით გაუმასპინძლდა. აფრიკული ცეკვები შეიყვანეს და მოკლედ დიდი ქეიფი გაიმართა 3600 კმ სიმაღლეზე, შუაგულ აფრიკაში. ამასობაში ჩემი მეუღლე გახდა ძალიან ცუდად, აუკანკალდა მთელი სხეული და ვიყინები ისე მცივაო. სიცხე გავუხომეთ. აჩვენებს 39.6.

მთელი ღამე გავათენე ნერვიულობაში. ყოველ 4 საათში ვაღვიძებდი მეუღლეს, სიცხეს ვუზომავდი და გიდის მოცემულ სიცხისდამწევს ვალევინებდი. სითხესაც ძალით ვასმევდი.  აღარც ჩემი გაციება, ყელის ტკივილი და გულის ცემა მახსოვდა.

გავიღვიძეთ. ჩემი მეუღლე თავს კარგად გრძნობს, გეგონება წინა ღამეს არც არაფერი მომხდარა. ჩემი დედამთილი დარბის და მღერის აფრიკულ სიმღერას, ხელებით წრიულ მოძრაობებს აკეთებს, “კილიმანჯარო ჩვენი სახლია” ამ სიტყვებით ინგლისურად უკვე ამთავრებს სიმღერას. დავირაზმეთ ყველა მესამე დღისთვის. ვიხედები უკან და ვხედავ ღრუბლებს ქვემოთ და თან მიხარია რომ წინ მივდივარ და თან ეს გაციებული, უძილო, უმადო ძალღონეს ვიკრიბავ და არ ვიცი როდემდე შევძლებ ზევით დ ზევით სიარულს. მივდივართ ყველა ერთად კუს, ლოკოკინას ნაბიჯებით. უკვე 4500 მეტრზე ვართ და იქაურობა მთვარეს მაგონებს, უფრო სწორედ მთვარე რომ წარმომიდგენია აი ზუსტად ისეთი ფერებია, ქვები, ხრეში.

საჭირო ოთახს ხედავთ შუაში? 🙂 საჭირო ოთახი ყველაზე მაგარი ხედით მსოფლიოში 🙂

ბუბლიკამ კილიმანჯარო დაიპყრო!

სუნთქვაა ძალიან ჭირს ჩემთვის და მჩხვლიტავს კიდევაც რაღაც გულის არეში. აღარ მინდა. აღარაფერი აღარ მინდა. უღონო ვარ. სხეული აღარ მემორჩილება. ფიქრებითაც ძალიან შორს ვარ, სახლი, დედა და მამა მენატრება და ჩემი ოთახი თბილისში. გული მერევა, სულ გული მერევა. ვდგამ ნაბიჯს და იმ ღრმა ჩასუნთქვებს შორისაც არ არის შვება, რადგან მუცლის ტრიალი და გულის რევის შეგრძნება სიცოცხლის ხალისს მართმევს. ბანაკს მივუახლოვდით, მაგრამ კიდე 1 დღის სავალი გვაქვს წინ კენწერომდე და 2 უკან. არ ვიცი, ყველაფერი ავწონ-დავწონე და გადავწყვიტე უკან გავბრუნებულიყავი.

ჩემი დედამთილი თურმე სულ კუნტრუშ -კუნტრუშით ავიდა ბოლომდე. არც ვარჯიშობდა მანამდე, არც არაფერი, მთაზეც არაყს სვამდა და ცეკვავდა და მღეროდა კიდევაც:) ჩემი მეუღლეც 39 სიცხიანი, მისი დაც, რომელმაც ნაოპერაციები მუხლით და ტკივილით იარა, გაუძლეს ყველაფერს, განსაკუთრებით მტანჯველ და სულმხუთავ ბოლო 2-3 საათს და კილიმანჯაროზე მზის ამოსვლას შეეგებეს.

ბოლო ბილიკი მწვერვალისკენ

ხედი სულ ზემოდან

რა თქმა უნდა გული დამწყდა.  მთელი 4 საათი გზა ბანაკამდე ვტიროდი. საშინლად დავიღალე. ჯამში 11 საათი ვიარე. 7 წინ და 4 უკან. ბანაკში ხელი მომაწერინეს სამაშველო დაფთარზე და მანქანაც გამოიძახეს რომ სასტუმრომდე ჩავეყვანე.  სასტუმროდან ჩემებს თბილისში დავურეკე და ვაცნობე, რომ კარგად ვარ და ცოცხალი ვარ. მთიდან ვერ ვუკავშირდებოდი მთელი ეს დღეები. ძალიან ნერვიულობდნენ. გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ცხოვრებაში უარესები ხდება, დიდი ამბავი ბოლომდე ავედი თუ არა.  მთავარია იქ  ვიყავი, 3 დღე ვიარე  და 4500 მ ავაღწიე და ცხოვრებაში დიდი გაკვეთილი მივიღე.

არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ამ ისტორიის აქ განთავსება. ეს ბლოგი არც ჩემი პირადი დღიურია და არც სამოგზაურო თემას ემსახურება. შემეძლო სურათები დამედო მხოლოდ. უბრალოდ მინდოდა მეთქვა და ჩემი თავისთვისაც შემეხსენებინა, რომ ხანდახან არ არსებობს სწორი და მცდარი გადაწყვეტილებები, ერთი ჯეშმარიტი გზა და გამოსავალი, ბევრს ნიშნავს შემართება, განწყობა, მიზნისკენ სწრაფვა, მაგრამ ხანდახან გზა მიზნამდე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითონ მიზანი.

სურათები ჩემი და ჩემი მეუღლის გადაღებულია.