კუნძული ზანზიბარი- პატარა სამოთხე
2 წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ მის ოჯახთან ერთად ტანზანიაში ვიმოგზაურეთ დედამთილის 50 წლის იუბილე კილიმანჯაროს თავზე რომ აგვეღნიშნა. მოგზაურობის დეტალები და ჩთაბეჭდილებები ამ პოსტში მოვათავსე. მაშინ ვერ მოვახერხე ერთი პოსტი კუნძულ ზანზიბარისთვის დამეთმო, სადაც მთასვლელობის მერე მე და ჩემი მეუღლე 3 დღით გავემგზავრეთ. არადა ამ სილამაზეს ნამდვილად ეკუთვნის პოსტი. ვერასდროს ვერ წარმომედგინა თუ კილიმანჯაროზე თუ კუნძულ ზანზიბარზე როდესმე ავღმოჩნდებოდი. ცხოვრება სიურპრიზებით სავსეა.
ზანზიბარზე ერთი ძალიან საყვარელი ბუნგალოს სტილის სასტუმრო შევარჩიეთ, სახელად მამამაპამბო.
მფლობელები იტალიელები იყვნენ რომლებიც ზანზიბარზე გადმოვიდნენ საცხოვრებლად და სულ 1-2 თვის ჰქონდათ სასტუმროს ამბები წამოწყებული. დიზაინი აფრიკულ სტილში გააკეთეს, ყველგან სიმყუდროვე და სიხალისე იგრძნობოდა.
იმ ფაქტმაც მოგვხიბლა რომ სასტუმრო სულ არ მდებარეობდა ზანზიბარის ცნობილ და ტურისტებით გაჯერებულ ადგილზე. სანაპირო ფაქტიურად ცარიელი იყო ან ადგილობრივები დასეირნობდნენ.
რომ ჩავედით პირველ ღამეს და გავიხედე ფანჯრიდან რომ ოკეანესთვის შემეხედა და სიცარიელე დავინახე, ძალიან გამიცრუვდა გული, მეგონა სასტუმრო სანაპიროსგან ძალიან შორს იყო. გადაღლილობის ფონზე საერთოდ არ გამხსენებია მიქცევა და მოქცევის შესახებ. ბავშობაში რომ ყვებოდნენ ანეკდოტს „აბა მამი ზღვა“ ხომ გახსოვთ? ზუსტად ასე დამემართა. რომ ვიკითხე წყალი სად არის თქო, დილას მოვაო- მომახსენეს 🙂 დილას რომ გავიღვიძეთ არ გვჯეროდა სად ამოვყავით თავი ისეთი სილამაზე სუფევდა გარშემო. საუზმე მანგო და მარაკუას მოიცავდა. არც ერთი და არც მეორე არ მქონდა არასდროს გასინჯული, ეს რა სიგემრიელე ყოფილა. შუადღეს იმხელაზე მოვიდა წყალი რომ სანაპიროზე საერთოდ არ ჩაისვლებოდა, პირდაპირ სასტუმროს ღობეს ეჯახებოდნენ ტალღები. ჩვენც ამ დროს ვისვენებდით და ცხოვრებით ვტკბებოდით.
დილით ადრე როცა მიქცევა იყო, ზანზიბარელი ქალები ზღვის წყალმცენარეებზე სამუშაოდ გამოდიოდნენ. სულ არხეინად მღეროდნენ ხოლმე ერთად. ადგილობრივი ბავშვებიც აქეთ იქით დასეირნობდნენ.
ერთ -ერთმა ოჯახმა თავისთან მიგვიპატიჟა და გამოსვლის წინ გაგვიმხილა ჯეშმარიტი მიზეზი თუ რისთვის მიგვიწვიეს თავის სახლში- აღმოჩნდა რომ უმცროსი შვილის გაშვილება უნდოდათ და იქნებ თქწენ თან წაიყვანოთო. გული აგვიჩუყდა, მაგრამ რას ვიზამდით, სამწუხაროდ დიდი ბოდიშებით წამოვედით.
უზომოდ გახარებული ვარ რომ მოვახერხეთ ტანზანიაში გამგზავრება. უამრავი მოგონებები, თავგადასავლები და ლამაზი ფოტოები დაგვრჩა სამახსოვროდ.
შემდეგი დიდი მოგზაურობა კი პატარა ნიკოს დაბადება იქნება, რომელსაც უკვე მალე ველოდებით. მეცხრე თვე უკვე ნელ ნელა დასასრულს უახლოვდება.
გაგიჟებული ვარ, რა სილამაზეა! ბედნიერებაა, რომ ასეთი ადგილები ნახე და მოგონებების სკივრში შეინახე. მერე ნიკოს მოუყვები და ეს ამბავი ყველა ზღაპარზე უკეთესი იქნება. ფოტოზე ნამდვილი მოდელი ხარ!
ბავშვობაში ერთი წიგნი წავიკითხე, თეა გვასალიას დედის. ასე ერქვა: “თეას და ნათიას არდადეგები.” იქ ახსენებდნენ ზანზიბარს და მეგონა, ეს ლამაზი სიტყვა და კუნძული მწერალმა მოიგონა და სინამდვილეში არ არსებობს! :)))) მერე, როცა მასტერზე ვსწავლობდი, ჩემ კურსზე იყო ერთი ზანზიბარელი გოგო, მარიამი. ისლამს ძალიან მოუკიდებია ამ კუნძულზე ფეხი. 🙂
ის პატარა ბიჭი რა საყვარელია! 🙂
თინ მოგზაურობას არაფერი ჯობია, არ ააქვს მნიშვნელობა სად, როდის და როგორ. მთავარია ახალი ადგილების მონახულება, ახალი განცდები და სანახაობები. მაგრამ აფრიკაზე არასდროს მიფიქირია კი არა, მიოცნებია კიდევაც. უზომოდ მიხარია რომ როგორღაც მოვახერხეთ ტანზანია. საერთო ჯამში ზანზიბარზე ეს ჩვენი სოფელი მოგვეწონა სადაც სასტუმრო იყო, მთავარი ქალაქი stone town-მა იმედები გაგვიცრუა. ვერ მოვიხიბლე ვერაფრით, ვერც ქუჩებით, ვერც შენობებით, ვერც ატმოსფეროთი. შეიძლება იმის ბრალი იყო რომ რამადანი მიმდინარეობდა და გარეთ ხალხი დიდად არ დადიოდა. გაგვაფრთხილეს ღიად მზის ჩასვლამდე წყალი არ დალიოთ, შეიძლება ვინმემ რამე გითხრათო. ქალები ჩაფუთნულები დადიოდნენ, ზოგს სახეც აფარებული ჰქონდა. ისლამს მართლაც ძალიან მოუკიდებია ფეხი.
ერთი ის იყო კარგი რომ როცა იფტარის დრო მოვიდა ერთ ერთ მოედანზე ბევრი საჭმლის გამყიდველი მოგროვდა, ამზადებდნენ ნაირნაირებს და ყველა ბედნიერი მიირთმევდა რაღაცას. ერთი კატა მომიცუცქდა და ნახევარი ჩემი ულუფა სულ მას ვაჭამე:) მეორე რაც არ ვიცოდი იყო რომ ფრედი მერკური თურმე ზანზიბარზე დაიბადა და ბავშობის წლები მანდ გაუტარებია:) მისი სახლიც მოვინახულეთ.
ვაა, არ ვიცოდი მერკურიზე! 🙂
აფრიკა სასწაულია მართლა! ისე მინდა, ვიცოდე, თავზე როგორ იკრავენ იმ ფერად თავსაფრებს, რაღაცნაირად, მაღალზე რომ აქვთ. თან რა ლამაზი ქსოვილები იციან, მზისფერი.