რატომ არ უნდა დავუჯეროთ სხვებს.

მახსენდება თბილისი, ჩემი მეგობრის ქორწილის დღე. მე მეჯვარე ვარ და ჩემი მეგობარი პატარძალი, ერთად ვართ სალონში, სადაც მაკიაჟი უნდა გავიკეთოთ მნიშვნელოვანი დღისთვის. ვიზაჟისტი პატარძალს უკეთებს მაკიაჟს, ისეთი ლამაზი თვალები დაუხატა, ისეთი ლამაზი და ნაზი თვალის ლაინი გაუკეთა,  რომ როცა ჩემი რიგიც მოვიდა, ვთხოვე, იქნებ მეც მსგავსი ლაინი გამიკეთოთ თქო. მაშინ ახალი დაწყებული მქონდა მაკიაჟი და სწორ “სტრელკებს” ვერაფრით ვერ ვიკეთებდი, კატასტროფა გამომდიოდა ხოლმე.

ვიზაჟისტი მიყურებს, არაჩვეულებრივი გოგონაა, და მაკვირდება, და ბოლოს მეუბნება რომ შენ ისეთი თვალის ფორმა გაქვს ლაინი არ მოგიხდებაო, შესაბამისად არ მეღირსა სწორი და ლამაზი ხაზი და კაბის ფერებში გაწყობილ თვალის ჩრდილებს დავჯერდი.

თმებიც სამწუხაროდ საერთოდ არ გამოვიდა ისეთი რაც მინდოდა. არ ვიცი რამდენად სწორად გაიგებთ მარა საბოლოო ჯამში ბებრუხანას უფრო ვგავდი ვიდრე ახალგაზრდა მეჯვარეს. საქმე იმით დამთავრად, რომ სანამ სიძე პატარძალს მოაკითხავდა, პატარძალი დიდი ძალისხმევით ცდილობდა ჩემი თმების და მაკიაჟის გამოსწორებას, აქეთ ყველას გვაწყნარებდა და მინდა გითხრათ რომ მისმა გამოცდილმა ხელმა სასწაულები მოახდინა. აქედან დავასკვენი, რომ ურიგო არ იქნებოდა, თუ მეც ცოტათი გავავარჯიშებდი ხელს და დავეუფლებოდი მაკიაჟის ანა-ბანას.

დღემდე ვერ ვხსნი რატომ მითხრა ვიზაჟისტმა ლაინი არ მოგიხდებაო.  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩემ პატარა გამოცდილებით ვიცი, რომ ლაინის რამდენიმე სახეობა არსებობს, შეგიძლია თხელი, წვრილი, აპრეხილი, სწორი, გრძელი მოკლე გაიკეთო. ფერებშიც არ ვართ შეზღუდული, თუ შავი ძალიან მკვეთრია, ყავისფერი მშვენიერი გამოსავალია.

შეიძლება იდეალური თვალის ფორმა არ მაქვს, ვიღაცას ჩემზე ლაინერი ვერ წარმოუდგენია, მაგრამ იდეალური არავინაა. არავის იდეებმა და მათმა წარმოდგენებმა ჩვენზე ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს და ჩარჩმოებში არ უნდა ჩაგვსვას.

უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი ისეთები როგორებიც ვართ და შეძლებისდაგვარად ვეცადოთ რომ ვიყოთ უფრო უკეთესები ვიდრე ვიყავით გუშინ. ჩავატაროთ ექსპერიმენტები საკუთარ თავზე, გავეცნოთ სხვადასხვა დარგებს, მოხალისეებად ვიმუშაოთ და ახალი გამოცდილებები მივიღოთ, გავრისკოთ და შევიძინოთ  ერთი ხელი სამოსი, რომელიც არ ჯდება ჩვენს სტილში, მოვსიჯოთ პომადის ახალი ფერები, ფრჩხილის ლაქები, მოვუსმინოთ დამწყებ მომღერლებს, ახალ მუსიკას, წავიკითხოთ არაკლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები…. მრავალფეროვნება კარგია. ექსპერიმენტები კარგია.

აი ჩემი ლაინერის ექსპერიმენტიც. მემგონი არც ისე ცუდია როგორც მე მითხრეს. რას იტყვით?