ბანანის კოქტეილი ძალების აღსადგენად

ყველას გვაქვს რთული პერიოდები ცხოვრებაში, მთავარია არ დავნებდეთ რაც არ უნდა იყოს. სიტუაციასთან შეგუება, არაფრის მოქმედება, ხელების ჩამოყრა ყოველთვის შეილება.  და განა ყველაზე ადვილი არ არის? ბევრად რთულია გამოსავალი მოძებნო, იბრძოლო, გადალახო სირთულეები. რა თქმა უნდა გააჩნია გარემოს, სიტუაციას, მიზანს, განწყობას მაგრამ თუ სურვილია, გამოსავალიც არსებობს. პირადად მე როცა რთული ამოცანის წინაშე ვდგევარ, ვცდილობ გავაანალიზო რასთან მაქვს შეხება, ჩემი შესაძლებლობები, გარემოება და პატარა ნაწილებად დავყო და მივუდგე მის გადალახვას. ასე უფრო ნაკლებად საშიში და უფრო მიღწევადი მეჩვენება ჩემს წინ არსებული დავალება.

ვიცი, არაფერს ახალს და დიდ სიბრძნეს არ ვწერ, მაგრამ ეს ჩემთვის ნათელი გახდა როცა ჩემს მეუღლესთან და მის ოჯახთან ერთად პირველად ერთად წავედით სასრიალოდ გუდაურში. ადრე ერთი-ორჯერ მისრიალია, ბავშობაში სბორებზეც ვყოფილვარ ერთხელ, მაგრამ ვერ ვისწავლე სრიალი და თან მეშინია ციცაბო დაღმართების ხოლმე. მიუხედავად ამისა 2009 წლის ზამთარში გუდაურის გზას მაინც დავადექი, რადგან მეუღლის ოჯახი პირველად იყო საქართველოში და გუდაურში არ გამგზავრება არაფრით არ გამოდიოდა. ხოდა ვდგავარ მეორე ტრასაზე, ვიყურები წინ და ვხედავ თუ რამხელა მანძილი და ციცაბო დაღმართი მაქვს გასავლელი და შიშისგან გული მისკდება, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს, ქვევით მარტო ჩასრიალებით თუ მოვხვდებოდი. თან ყველა “მიდი ანო”, :ჰე, დაეშვი” მესმის შეძახილები. აი ზუსტად ამ დროს “გავნათლდი” და იდეა მომივიდა რომ მთლიანი ტრასისთვის კი არა, მხოლოდ თხილამურის წვერიდან 1 მეტრზე მეყურებინა  და ისე მესრიალა. ვცადე, და ამ ტექნიკამ ძალიან გაამართლა რადგან საერთოდ აღარ ჩანდა რა დაღმართზე ვიდექი და მშვიდად და წყნარად ჩავედი ბოლომდე. თან რამდენჯერმე ჩამოვსრიალდი:)

მას შემდეგ ყველა დიდ ამოცანას ცხოვრებაში ეგრე ვუდგები- ერთ ჯერზე საჭიროა თითო ნაბიჯის გადადგმა, ასე ამოცანაც უფრო დაძლევადი ჩანს. შეიძლება სწრაფად არ მიხვიდე მიზნამდე, მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვალ. გზაშიც გამოცდილებაც მიიღებ და გათამამდები და სისწრაფესაც აკრიფავ. მთავარია დაწყება:)

ეხლა ამ პოსტის სათაურს დავუბრუნდეთ. გახსოვდეთ რომ ყველაფერი დროებითია, დრო რომ გავა უკან მოვიხედავთ და გაგვიკვირდება რამდენი რამე გადავლახეთ ამ ცხოვრებაში. მთავარია იმედიანად ვიყუროთ წინ და როცა ვიგრძნობთ რომ ყველაფერი ერთბაშად დაგვაწვა თავს და ძალებს აღდგენა გვჭირდება, შეჩერდით, მოიმზადეთ გემრიელი ბანანის კოქტეილი, ღრმად ჩაისუნთქეთ მისი არომატი და ისე მიირთვით.

ერთი ჭიქა რძე, ერთი ბანანი და მუქი შოკოლადის ფილის სამი-ოთხი ნატეხი (ან მეტი გემოვნებით) ოდნავ წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით და სურვილის მიხედვით ცოტა შეაგრილეთ. დაამატეთ 1/4 სუფრის კოვზი ვანილის შაქარი და დააბლენდერეთ ქაფის წარმოქმნამდე. დარიჩინიც დაამატეთ თუ გესიამოვნებათ. განსაკუთრებით გემრიელია და სულს მალამოსავით ედება შემოდგომის გრილ დღეებში. გაამოთ.

IMG_1963

 

Amag