სტამბული და სასარგებლო წვენები

სტამბული სხვა თუ არაფერი იმიტომ მიყვარს, რომ სადაც ვცხოვრობდი მთელი ერთი თვის მანძილზე თავს განებივრებულად ვგრძნობდი. ერთერთი მიზეზი გახლდათ ის, რომ სახლიდან გავიდოდი თუ არა მეორე ქუჩაზე ანუ გალიპ დედეზე და საერთოდ მის მთლიან აყოლებაზე „ვიტამინ“ წერტილები იყო. სტაფილო, ვაშლი, ფორთოხალი, კივი, ანანასი, ყურძენი, ბროწეული, დაასახელე რომელი ხილიც გინდა იმისგან წვენს სულ რაღაც 1-2 ლირად გამოგიწურავენ. საერთოდ წვენების მოყვარული არ ვარ და ძალიან იშვიათად ვსვამ, მაგრამ ალბათ მიხვდებით რომ ეს ქარხნის შაქრით გაჯერებულ წვენებს ეხება და არა შენს თვალწინ ახლად გამოწურულ ნაირნაირი ხილის ნარევის უგემრიელეს ქოქტეილს.

cennet- სამოთხე. "ვიტამინ", მაგრამ აქ მხოლოდ ფორთოხლის წერტილი სულთანახმეტის უბანში, სტამბული

ცოცხლად გამოწურული წვენები კარგი საშუალებაა რომ ერთი ხელის მოსმით მიიღოთ ჯანმთელობისთვის აუცილებელი ვიტამინები და მინერალები. ზოგს წვენს სამკურნალო თვისებებიც ააქვს, მაგალითად მოცვის წვენი ცისტიტს შველის, ნიახურის წვენი სითხის შეკავების დროს სასარგებლოა, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ნაწლავებში ტოქსინებს ანეიტრალებს, სტაფილო საჭმლის მონელების პრობლემების მოგვარებას უწყობს ხელს.

ჩემი ქოქტეილი, რომელსაც ყოველდღე ნამდვილად არა, მაგრამ ძალიან ხშირად მივირთმევდ სტამბულში ყოფნისას  შედგებოდა შემდეგნაირად: ვაშლი, სტაფილო , ხან კივი და ხან ანანასი.

ეს სამი, ვაშლი, სტაფილო, ანანასის კომბინაცია მუცელს დაგიამებთ და საჭმლის მონელებას შეუწყობს ხელს. აიღეთ 3 ვაშლი, 3 სტაფილო და 3 ანანასის რგოლი (1-2 სმ ზომის) და გამოწურეთ ერთად. ძალიან გემრიელია.

ვიცი რომ სასარგებლოა, მაგრამ არასდროს მისინჯავს შემდეგი რამ ,მაგრამ უახლოეს მომავალში უნდა მოვიმზადო. იქნებ თქვენც გამოგადგეთ :

ნახევარი წითელი ბულგარული წიწაკა, ასევე ნახევარი მწვანე ბულგარული წიწაკა და ერთი ცალი კიტრი. ცალცალკე უნდა გამოწუროთ და შემდეგ აურიოთ ერთმანეთში. ეს კოქტეილი შეიცავს დიდი რაოდენობით C და E ვიტამინს, ბეტა-კაროტინს,  ასევე ცინკს და კალიუმს, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების სისტემის და თირკმლების კარგ მუშაობას.

თქვენ გემრიელ წვენებს იმზადებთ თუ ქარხნისას ეტანებით?