გასეირნება სტამბულში

ახალწლებზე თბილისში ვიყავი. წელიწადნახევარია არ ვყოფილვარ და უკვე სული და გული მთხოვდა რომ თუნდაც ათი დღით მომეხერხებინა და წავსულიყავი სახლში. ჩემი სამსახური საშობაოდ იხურება მთელი კვირით და ამის არ გამოყენება არ შეიძლებოდა. ბოლო სამუშაო დღეს საღამოს უკვე თვითმფრინავში ვიჯექი და მივემართებოდი თბილისისკენ. ფრენა სტამბულის გავლით იყო, 7 საათი შუალედით. რა თქმა უნდა ვგეგმავდი ქალაქში სასეირნოდ გასვლას როგორი დაღლილიც არ უნდა ვყოფილიყავი 11 საათიანი ფრენის შემდეგ.  ვერ გადმოვცემ ჩემს დამოკიდებულებას სტამბულის მიმართ. უამრავ ადამიანს უყვარს ეს ქალაქი და ვერავის გავაკვირვებ იმით რომ მეც მათ შორის ვარ, მაგრამ სტამბულში ცხოვრება ეს ჩემი ძალიან დიდი ხნის აკვიათებული იდეაა, რომელიც შარშან მხოლოდ ერთი თვით განვახორციელე და რომ მეგონა ამითი ეს სურვილი გამინელდებოდა, პირიქით, ამ ქალაქის სილამაზეზე და ცხოვრების რითმზე კიდევ უფრო მეტად შეყვარებული და აღფრთოვანბებული დავბრუნდი.

ათათურქის სტამბულის აეროპორტიდან ძალიან იოლად შეიძლება მეტრო და ტრამვაით ქალაქში გასვლა. 1 საათში ემინონუს გაჩერებაზე ვიყავი. დიდებული იენი ჯამი (Yeni Cami)-ახალი მეჩეთი, სულეიმანიეს მეჩეთი, გალათას კოშკი დამყურებდნენ თავს.

Eminonu-A mag

ეგვიპტური ბაზარი ღია დამხვდა. ყავა, ჩაი, ლახათლუხუმი შევიძინე, ქართველი გამყიდველი მოვინახულე, რომელსაც შარშან მანდ შემთხვევით გადავეყარე. ისევ იგივე განყოფილებაში მუშაობდა. გამიხარდა რომ გამიხსენა და თბილად შემხვდა. ვილაპარაკეთ სტამბულზე, ცხოვრებაზე, მის ორ ქალიშვილზე, რომელთაც არ მოსწონთ სტამბულში ცხოვრება, ქართველებზე, რომლებიც ქურდბაცაცობდნენ სტამბულში, მაგრამ სავიზო რეჟიმში ცვლილების შეტანის შემდეგ ნაწილმა დატოვა ქალაქი და დავისვენეთო, მის უფროსზე რომელიც ნერვებს უშლის, მდიდარ ვაჭრებზე, სომხებზე რომელთაც ოქროს ბაზარი უჭირავთ ხელში და აშ.

ბაზრიდან გამოვედი და ფეხით გავაგრძელე გალათას ხიდზე, ავუყევი გალათას კოშკისკენ მიმავალ კიბეებს და ქუჩებს და მივადექი ჩემს ქუჩას- Hoca Ali Sokak-ს, სადაც შარშან ვცხოვრობდი.

გალათა და ტუნელის უბნის ქუჩები. ქვევით მარჯვნივ სურათხე ჩემი ნაქირავები ბინის შესასვლელია აღბეჭდილი.

გალათა და ტუნელის უბნის ქუჩები. ქვევით მარჯვნივ სურათზე ჩემი ნაქირავები ბინის შესასვლელია აღბეჭდილი.

შესასვლელთან დიდი ხანი ვიდექი, კატებს ვეფერებოდი და თან ჩემი სახლის ჩაბნელებულ ფანჯრებს ავყურებდი ხოლმე. ნეტა რა ბედი ეწვია მაგ სახლის მეპატრონეებს? ეგ ბინა იტალიელი გოგო და თურქი ბიჭისგან ვიქირავე, რომლებიც იტალიაში ხელის მოსაწერად და ქორწილის გადასახდელად მიემგზავრებოდნენ და მთელი თვით ათავისუფლებდნენ ბინას. გოგონა იტალიურს ასწავლიდა სტამბულში, მისი შეყვარებული კი ფოტოგრაფი გახლდათ. უსაყვარლესი ბინა ბოსფორზე პაწაწკუნა ხედით გადმომაბარეს და როგორც საკუთარ სახლში ისე იგრძენი თავიო დამიბარეს. ღმერთმანი, ასე კარგად და ბედნიერად არასდროს მიგრძვნია თავი. ასე გემრიელად არაფერს მოვრგებულვარ როგორც იმ სახლს. თუ წარმომედგინა რომ ოდესმე საკუთარი ბინა მექნებოდა, მაშინ ზუსტად მაგ ადგილას, მასეთი ფორმის და მოწყობის იქნებოდა. პირველი ორი დღე მუეძინის აზანი, ანუ ლოცვისკენ ძახილი მაღვიძებდა სახლის გვერდით მეჩეთიდან, მაგრამ ბოლოს მივეჩვიე და შემიყვარდა ეს ტკბილი გალობა. საოცარია როცა მთელს ქალაქში ისმის აზანი. ერთდროულად არ იწყებოდა ხოლმე. ისეთი განცდა მქონდა თითქოს მეჩეთი მეჩეთს გადასცემდა ამ ძახილს და მთელ ქალაქს დიდი ტალღასავით დაივლიდა ხოლმა.

ჩემი ქუჩის ბოლოს ძალიან საყვარელი კაფე sntrldükkan იყო, სადაც ხუთშაბათობით ჯაზის საღამო იმართება და ასევე კაფეში თურქი დიზაინერების აქსესუარები, სუვენირები, წიგნაკები და ათასი სხვა რამ არის გამოფენილი.

კაფე ჰოჯა ალი და სერდარ ი ეკრემ ქუჩის გადაკვეთაზე, გალათას კოშკთან

კაფე ჰოჯა ალი და სერდარ ი ეკრემ ქუჩის გადაკვეთაზე, გალათას კოშკთან

ამჯერადაც შევისეირნე და თურქული ყავა და ნამცხვარი დავაგემოვნე. ჩემზე ბედნიერი იმ წუთას არავინ არ არსებობდა. სტამბულში სულ ესეთი განცდა მეუფლება, რომ მიხარია სადაც ვარ და თან ვიცი რომ ძალიან ახლოს ვარ ჩემს თბილისთან. შეიძლება ამაშია მთელი ჩემი და სტამბულის განსაკუთრებული დამოკიდებულება. არ ვიცი.

კაფედან გამოვედი, წვიმდა, ქოლგა არ მქონდა რა თქმა უნდა თან, მაგრამ ძალიან მსიამოვნებდა წვიმიანი სტამბულის ქუჩებში კიდევ ცოტახანი ხეტიალი, სანამ დრო არ მოუწევდა რომ უკან აეროპორტში დავბრუნებულიყავი.