…AND SMILE!
ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა სურათების დამუშავება. უკანასკნელი ხმამაღალი ნათქვამია, უფრო სწორედ ვხსნი მარტივ პროგრამას ჩემს ტაბლეტზე და ვიწყებ ჩემს მიერ გადაღებული ფოტოების დაჭრას, ფერების და ფილტრების დადებას, გაერთიანებას, ტექსტის წარწერას, და აშ.
ხანდახან როცა ვერაფერს ვერ ვუდებ გულს, ეს საქმიანობა ძალიან მეხმარება ხოლმე. იმის გარდა რომ იმ დღეს არაფერი გავაკეთე, მათ შორის სამეცადინოს ხელი არ მოვკიდე, სახლის დალაგების თავი არ მქონდა და საჭმლის მომზადება სასტიკად მეზარებოდა, დამრჩა ეს ფოტო სახსოვრად.
სტამბული მიყვარს და როცა ნოსტალგია მაწვება ხოლმე, ამოვარჩევ გადაღებული სურათებიდან რომელიმეს და სანამ სტამბულზე ფიქრი არ მომბეზრდება ვერთობი მათი „დამუშავებით“.
თოლიას სურათი სარბენად რომ ვიყავი გასული მაშინ გადავიღე. ჩემი ყველაზე საყვარელი სარბენი ბილიკია ვაშინგტონში მდინარე პოტომაკის გასწვრივ. მთლიანი წრე 5 მილია, ანუ 8 კმ. თუ დრო მაქვს 0 გრადუსშიც არ მეზარება სირბილი. 7 აპრილს ისევ გამოვდივარ ალუბლის ყვავილობის 10 მილის გარბენზე. იმედია სულ ფრენა ფრენით გავირბენ 16 კილომეტრს.
ეს სურათი კილიმანჯაროზეა გადაღებული. მეორე ბანაკამდე არ მისული გზის ერთ ნაწილზე სულ ასეთი ქვაკუთხედებია მოფენილი. ლამაზი და სიმბოლურია. ყველა ვინც კილიმანჯაროზე ხვდება თავის ქვას ამატებს ან უკვე არსებულ ქვათა გროვას ან ამსვლელთა ჯგუფი საკუთარს აღმართავს ხოლმე. კილიმანჯარო მართალია ტექნიკურ მთამსვლელობას არ მოითხოვს, მაგრამ საკმაოდ მაღალი მთაა და რთულია ასვლა. იქ გამოვცადე საკუთარი თავი. მთაზე განსაკუთრებული შინაგანი განწყობა და ძალაა საჭირო. მაგრამ სულიერი წონასწორობა ბარშიც მიზანშეწონილია, ამისთვის კი ჩემი უსარყვარლესი მეგობრის რჩევას ვითვალისწინებ ხოლმე და თუნდაც 5 წუთით თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ხოლმე ყვეალფერს კარგს. უმეტეს შემთხვევაში ეს მოიცავს მზიან დღეს, მწვანე მინდორს, მდინარის ნაპირს, გაზაფხულის სურნელს, სითბოს. მეც ვთბები ხოლმე. ეს „მედიტაცია“ ცოტა ხნის წინ დავიწყე და ძალიან მომწონს. მეგობრის რეკომენდაციით შესაფერისი სიმღერების სიაც გავაკეთე. თან ვუსმენ ამ სიმღერებს და თან ცოტახნით სხვაგან სხვა სამყაროში ვიძირები.
სულიერი სიმშვიდეს ტკბილეულიც მიბრუნებს. ეს შოკოლადის „ქაფქეიქი“ მარწყვის კრემით სამსახურში მოგვართვეს თანამშრომლებს ვალენტინობის დღეს. მიყვარს ჩემი სამსახური.
ბოლო ლუკმის დროს კი აი ასეთი განცდა დამეუფლა:
ყველაზე მეტად სუსნაობა მიყვარს. იდეალური საღამოა როცა მე და ჩემი მეუღლე სახლში ვართ, ყველს, კრეკერებს, ყურძენს, თითო ჭიქა ღვინოს მივირთმევთ ხოლმე.
ეს კი ჩვენი ბენტო ყუთია. თუ დრო გვაქვს, ორივეს გვიყვარს საჭმლის კეთება და მერე სამსახურში წასაღებად ამ საყვარელ, ორ უჯრიან ყუთებში გამზადება.
ეს კი ჩვენი პატარა ოჯახის პაწაწუნა წევრი გახლავთ, ჩინური ზაზუნა სახელად ბუსя. სიგიჟემდე უყვარს გოგრის თესლი და მზესუმზირა.
და ბოლოს, საკუთარი სურათების დამუშავების გარეშე აბა როგორ იქნება? =)
გაიღიმეთ.











რა მშვენიერი ჰობი გქონია, ძალიან კარგად გამოგდის ფოტოების დამუშავება! სტამბული მომეწონა განსაკუთრებით და შენი პორტრეტი მარცხნიდან პირველი 🙂 ასევე მომეწონა, როგორ აერთიანებ რამდენიმე თემას ფოტოების ხაზით და საინტერესოდ გვიყვები! წარმომიდგენია, რამხელა სიამოვნებაა ალუბლების ხეივანში სირბილი და მათი სურნელის შესუნთქვა! 🙂
თიკო, რა კარგია თუ მოგეწონა პოსტი. გამიხარდა ძალიან. ამით ბოლო ხანია ვერთობი. ზოგი სურათი მობილურით არის გადაღებული, ზოგი ცუდ სინათლეში, მაგრამ ჩემთვის მთავარი შედეგი კი არა არამედ თვით პროცესია სასიამოვნო. თუმცა შედეგიც მიხარია უზომოდ:) გარბენს ველი სულმოუთმენლად:)
რა ლამაზი ფოტოებია, შენც მშვენიერი ხარ. რა მაგარია ვაშინგტონის სარბენ ბილიკზე მეც სიამოვნებით ვირბენდი კილომეტრებს. აქ რომ დავრბივარ ხოლმე სანაპიროზე მანქანებიდან თავის გამოყოფები, სიგნალები და აქაურების იდიოტობები მთრგუნავს, არადა ისე მიყვარს სირბილი.
მართლაა? ყოჩაღ თამი! უნდა ირბინო! სიგნალები და თავის გამოყოფები წარმომიდგენია როგორი ნერვებ მოსაშლელია. ქართველებს არ გვაქვს მემგონი ვვარჯიშის კულტურა. ან სპორცმენი ხარ და დარბიხარ, ან არ ვვარჯიშობ. სანაპიროზე ალბათ თითო ოროლა ადამიანი თუ დარბის. ეხლა რომ თბილისში ვიყავი ახლად გაკეთებულ მზიურში ვირბინე. ალღო ვერ ავუღე, რადგან მე ძველი დიდი მზიური მახსოვს, სადაც მთელი ბავშობა ვვარჯიშობდი და დავრბოდი. ვფიქრობ ამ ახალი ტრასის გამო ნახევარი პარკი გაუქმდა (?) და სადაც ვირბინე საკმაოდ პატარა წრე გამოდიოდა. მამას გათვლებით ერთი კილომეტრი იქნება თითო წრეო, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ სწორი იყოს.მთლიანობაში მომეწონ მაინც. ზოგი დარბოდა, ზოგი ველოსიპედზე კატაობდა, ბავშვებს ასეირნებდნენ….კარგი ატმოსფეროა. შემთხვევით ხომ არ გირბენია მანდ??
არააა. მე მეიდანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბოტანიკურში და ამ ბოლო დროს რიყის პარკის ბილიკზე. ხო თითო-ოროლა და ძირითადად უცხოელები.
ანო მომწონს შენი ბლოგი. იქნებ გაგვიმხილო რომელი პროგრამით ამუშავებ სურათებს 🙂
Pingback: My Favorite iPhone Apps | A Magazine
ვორდპრესზე პროფილი გავაკეთე და ვცდი 🙂 მაინტერესებს follow-up კომენტებს თუ შემატყობინებს. შენც ალბათ იგივე გაქვს, როცა ბლოგსპოტზე აკომენტებ. არა?
კი, კომენტებს მატყობინებს მაგრამ მხოლოდ ვორდპრესის ბლოგებზე. სხვებთან კომენტები უნდა გამოვიწერო იმეილზე (რასაც არ ვაკეთებ ხოლმე), ან უბრალოდ რაღაც დროის მერე შევდივარ პოსტზე რომ ვნახო კომენტარები. ისე ვორდპრესზე გადმოსვლას არ აპირებ? 🙂
აუ რა პროგრამით ამუშავებ სურათებს, ძალიან მაგრები გამოგდის
მარი გამარჯობა. სურათებს უმეტეს შემთხვევაში უბრალოდ Pixlr Express-ით ვამუშავებ. Krop Circle-შეგიძლია მრგავლი, გულის, სამკუთხედი, სხვადასხვა ფორმები მისცე სურათს ხოლო კოლაჟებისთვის PhotoGrid-ს ვიყენებ. თუ გაინტერესებს სხვა რა აპლიკაციებს ვიყენებ შეგიძლია ეს პოსტი ნახო https://anosmagazine.com/2013/03/23/iphoneapps/
წარმატებები!!