ისაუზმე! სხვადასხვა იდეები გემრიელი და ნოყიერი საუზმისთვის

საუზმე, საუზმე, საუზმე! კვების ექსპერტები ერთხმოვნად გვირჩევენ კვების ეს მნიშვნელოვანი ნაწილი არ გამოვტოვოთ. ადრეც ვწერდი (რატომ არ შეიძლება გამოვტოვოთ საუზმე) და თქვენც დარწმუნებული ვარ უამრავი წყაროდან გსმენიათ რომ როცა გაღვიძებიდან გარკვეული დროის შემდეგ მიირთმევთ საკვებს, პირველი- ეს ჩართავს მეტაბოლიზმის სისტემას მეორე დაგანაყრებთ და ნაკლები შანსია რომ სადილზე გამგელებული იყოთ და ვერ გააკონტროლოთ რას მიირთმევთ და რა რაოდენობას. მახსენდება ის პერიოდი სამსახურში რომ დავდიოდი თბილისში საუზმის გარეშე და ლანჩზე შიმშილისგან თვალდაბნელებულს პირველი რასაც ვხედავდი, უმეტესწილად ფუნთუშები ან ფენოვანი, იმას მივირთმევდი ხოლმე. რა თქმა უნდა არის დღეები რომ უბრალოდ ვერ ვასწრებ საუზმეს და მერე ველოდები ლანჩს და დრო რძიანი ყავით, ლატეთი, ან ცხელი შოკოლადით გამყავს. მაგრამ არაფერი მირჩევნია იმას თუ ვახერხებ და გემრიელ და სასარგებლო რამეს ვიმზადებ დილით.

იანვრის უმეტესი ნაწილი შვებულებაში ვიყავი და ვცდილობდი თავი გამენებივრებინა სხვადასხვა ვარიანტებით, მიყვარს კვერცხი ყველა ფორმით, ბლინები, ვაფლები (ეს ბოლო ორი შაბათ კვირას და არა ყოველდღე), სმუზები, კარაქიანი პური ყველით, ა.შ. პატარა კოლაჟი გავაკეთე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ. იქნებ იდეებისთვის გამოგადგეთ.

IMG_3510

იდეალურია როცა საუზმე შეიცავს ცილებსაც, ნახშირწყლებსაც და საკვებს, რომელიც მდიდარია კალციუმის შემადგენლობით.

1) შემწვარი კვერცხი, ისპანახით და ყველით.

2) ვაფლები მოცვით და თაფლით. ნებისმიერი ხილით გემრიელია, “სგუშონკა”-ც უხდება. ამ რეცეპტის მიხედვით ვიხელმძღვანელე და რაღაც “ამერიკული” ვაფლები გამოვიდა- მძიმე, ტკბილი და ცხიმიანი მიუხედავად იმისა, რომ რეცეპტში მითითებული შაქრის და კარაქის მხოლოდ ნახევარი გამოვიყენე. უფრო ჰაეროვან და რბილი ვაფლის რეცეპტის ძიებაში ვარ. დამეხმარეთ!

IMG_3608

3) გერკულესი. მე მიყვარს ოდნავ მარილიანი და წყალზე დამზადებული.

4) ლავაში, თხელი ნაჭერი ლორი, კვერცხი, ავოკადო, პამიდორი და ყველი.

5) ხლებცი ხაჭოთი და თაფლით.

6) კარაქიანი პური კვერცხით და ავოკადოთი. კვერცხი მოვხარშე ნაჭუჭის გარეშე. ძალიან მიყვარს ასე გაკეთებული კვერცხი. ადუღებულ წყალში 1 სკ ძმარს დაუმატებთ და ჩაუშვებთ კვერცხს. ცილა შეიკრება. რბილი გულიანი რომ გამოვიდეს 3 წუთი საკმარისია რომ ხარშოთ.

7) მოცვის სმუზი, რეცეპტი —>>>>

8) მწვანე სმუზი, რომელიც მეტაბოლიზმს აჩქარებს, რეცეპტი —>>>>

თქვენ როგორ საუზმობთ? გაგვიზიარეთ რეცეპტები!