რა ვუყოთ თვალებქვეშა რგოლებს და ჭაღარას? პრაქტიკული პროდუქტები

ამ პოსტში მინდა იმ პროდუქტების შესახებ დავწერო რომელიც ამჟამად მომწონს და პრაქტიკულობით გამოირჩევა.

მაშასადამე, პირველი ეს არის concealer რომელიც არა მარტო თვალების ქვემოთ არამედ საჭიროების მიხედვით სახის სხვადასხვა ადგილებზეც შეგიძლიათ გადაისვათ, იქნება ეს ნიკაპი, ცხვირის და ტუჩების გარშემო. კონსილერი დაგეხმარებათ არამარტო დაფაროთ დაღლილი სახე, რაზეც უმეტესწილად თვალების ქვეშ არსებული რგოლები მიუთითებს, არამედ შეგიძლიათ მთლიანად გამოტოვოთ ტონალური და მის მთელ სახეზე წაუსმელად სახის კანი გლუვი და ერთი ფერის გახადოთ.

კონსილერი თვალების ქვემოდ პატარა წერტილებად დაიტანეთ, არ შეიზილოთ, არამედ შუა ან საჩვენებელი თითით წაისვით. ყველაზე კარგია თუ თქვენ კანზე ზუსტად მორგებულ ფერს შეარჩევთ. ეს ბუნებრივი იერის გარანტია. შეგიძლიათ აურიოთ კიდევაც ფერები, უფრო ეფექტური შედეგების მისაღებად. იმისდამიხედვით ზაფხულში ირუჯებით თუ არა ზამთარ -ზაფხულს სხვადასხვა ფერები შეარჩიეთ.

სმეშბოქსის ბეჟი High Definition Liquid Concealer ამ ეტაპზე ზუსტად ჩემი ფერია და ტექსტურაც ძალიან მომწონს. მცირედიც კი საკმარისზე მეტია რომ დაფაროს სახის სხვადასხვა ადგილები. ზოგადად არჩევანი დიდია. მთავარია მოირგოთ სახეზე როგორც საკუთარი კანი!

Smashbox- High Definition Concealer

მეორე პროდუქტი რის გარეშეც მართლა მოუსვენრად ვგრძნობ თავს არის თმის ძირების კონსილერი. თუ თმებს იღებავთ, გეცოდინებათ რას ნიშნავს როცა ძირები გამოიზრდება და კონტრასტია შეღებილ და ბუნებრივ თმებს შორის. ეს დიდი პრობლემა (ჩემი გადმოსახედიდან) არ არის, მაგრამ სიტუაციას აფუჭებს თუ თქვენ არა მარტო სხვა ფერის ძირები არ მოგწონთ, არამედ ძირებში ჭაღარაც კარგად გამოგრევიათ და წამდაუწუმ მორიდების გარეშე, თუ ნათესავი, თუ მეგობარი, თუ ნაცნობი ამის შესახებ გამცნობებთ – “უი ჭაღარები გაქვს???????”  ამის თავის ასარიდებლად და სალონის მორიგ  ვიზიტამდე არაჩვეულებრივი გამოსავალია ძირების სპრეი, რომელიც ზემოთ ხსენებულ პრობლემებს კარგად უმკლავდება.

ჩემი არჩევანი - Rita Hazan-ის Root Concealer

Bumble  and Bumble-ის Hair Powder ასევე ფანტასტიური არჩევანია, მაგრამ შედარებით ძვირია, მაგრამ მოცულობითაც მეტი გახლავთ.

Bumble and Bumble- Hair Powder წითელი, ქერა და შავი თმებისთვის

შემდეგ პოსტსაც იმ რამდენიმე პროდუქტის მიმოხილვას დაუთმობ, რომელიც გამოვცადე, ძალიან მომწონს და  მინდა რომ ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ, იქნებ და სასარგებლო იყოს A Magazine-ის მკითხველთათვის!